საქართველოს გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე სასაუბროდ ბუდაპეშტის ფორუმი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში განიცდის თავდასხმებს სუვერენული პოლიტიკის გატარებისთვის.
„ამავდროულად, ისიც ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენული პოლიტიკის გატარება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის დღეს აქტუალური საკითხები, მათ შორის გლობალური გამოწვევების მხრივ. ასეთ პირობებში, როდესაც საუბარი შეეხება უსაფრთხოების, განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხედვა იყოს წარმოდგენილი და ჩვენ ვისაუბროთ ჩვენს გამოწვევებზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის შეხვედრაზე „მშვიდობისმყოფელები და მშვიდობის დამცველები: გლობალური უსაფრთხოების საყრდენის ძიებაში“.









