საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ნამდვილად არსებობს ისტორიული კავშირები, რომელიც საკმაოდ დინამიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით, ეს ჩემი პირველი ვიზიტია ისრაელში და მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ჩემს კოლეგას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
„ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ინტერესის სფეროებზე, იქნება ეს სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, განათლების მიმართულებები თუ სხვა. ასევე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ მეტად გაძლიერდეს კავშირები. კონკრეტული გეგმებიც განვიხილეთ და იმედი მაქვს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს ტურიზმის სფეროში, საქართველო არის სასურველი ადგილი ვიზიტორებისთვის და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებშიც მექნება შესაძლებლობა, შევხვდე სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე ქნესეთის წევრებს და ვისაუბროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, კავშირებზე, რომელიც არსებობს ჩვენს ხალხებს შორის და მიმართულებებზე რომლითაც უნდა განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
„როდესაც ვსაუბრობთ რელიგიაზე, ქრისტიანობაზე, რა თქმა უნდა, იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრა ემოციურია. პატრიარქთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ კავშირზე ქართულ ეკლესიასთან, ზოგადად რელიგიისა და ქრისტიანობის როლზე მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ განსაკუთრებული კავშირები გვაქვს წმინდა მიწასთან და განსაკუთრებულია აქ ქართული ნაკვალევის დაცვა“, – აღნიშნა მინისტრმა.








