საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სამარყანდში არაერთი ღონისძიება მიეძღვნა ქართული კულტურის ძეგლებს, რომლებიც იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიო მემკვიდრეობად.

„ქართული სიმღერა, ქართული პოლიფონია, ქართული ღვინის დაყენების ტრადიციები – საკმაოდ კარგად იყო წარმოჩენილი სამარყანდში ჩატარებული იუნესკოს კონფერენციის ფარგლებში. ასევე, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ რომ იუნესკოს ფარგლებში შესაძლოა, იყოს ჩვენი თანამშრომლობის და მუშაობის ფოკუსში.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა მიმართული იყოს მსოფლიოში მშვიდობის და თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. ეს ჩვენთვის აქტუალურია და რა თქმა უნდა, როდესაც იუნესკოზეა საუბარი, მთავარი მიმართულებები, რომლითაც უნდა წარიმართოს ჩვენი მუშაობა ამ ორგანიზაციაში, შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განათლებას“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა ქართული პავილიონი, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა.