ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, მნიშვნელოვანი იყო სწორედ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის კონტექსტში, რომელიც გაიმართება დუბლინში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ღონისძიების ფარგლებში, ირლანდიის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები და დაესვათ კითხვები.
„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ეს გახლდათ ინტერესის საგანი ირლანდიის ინსტიტუტის მხრიდან. კარგი შესაძლებლობა იყო, სწორედ აქ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის წინ, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე გვესაუბრა. საზოგადოების მხრიდან იყო საინტერესო კითხვები, მათ მიიღეს პასუხები. ეს ყოველთვის არის კარგი შესაძლებლობა, როდესაც ღიად ხდება საქართველოს პოზიციების გაჟღერება და დაფიქსირება, არის შესაძლებლობა, რომ ევროპელმა მსმენელმა მოისმინოს საქართველოს პოზიციები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობაზე.
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა უკვე ტრადიციად იქცა. საქართველო მონაწილეობს ამ ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, რომელიც სწორედ ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. ასევე, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უკვე ტრადიციად იქცა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ღონისძიების გამართვა, ეს გახლავთ საფრანგეთისა და იტალიის ერთობლივი ინიციატივა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველოს აქვს კარგი პროგრესი სწორედ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვუერთდებით კოალიციას, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით ამ საკითხებზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.










