ეს სამიტი გარდამტეხ მომენტად უნდა იქცეს, მან უნდა განამტკიცოს ჩვენი გადაწყვეტილება „მომავლის პაქტის“ განხორციელებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს სამართლიანი, მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი რესურსების, პოლიტიკური ნებისა და თანამშრომლობის მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს გენარალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო სრულად ერთგულია ამ ხედვის.
„ჩემი გამოსვლის დასაწყისში, მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს ამ სამიტის ორგანიზებისთვის, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. სამიტი წარმოადგენს დროულ და უაღრესად მნიშვნელოვან პლატფორმას მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების კუთხით ჩვენ მიერ ერთობლივად მიღწეული პროგრესის შესაფასებლად და განვითარების დაფინანსების მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის შედეგების გასაანალიზებლად. გაერო-ს ქარტიის ხელმოწერიდან 80 წლისთავს მზარდი გლობალური გამოწვევების ფონზე აღვნიშნავთ – იქნება ეს გაჭიანურებული კონფლიქტები და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები, თუ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები, ეკონომიკური უთანასწორობა და კლიმატური კრიზისის შედეგები. ეს ურთიერთდაკავშირებული შოკები არა მხოლოდ აბათილებს ათწლეულების განმავლობაში განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, არამედ გლობალურ ფინანსურ სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ სისუსტეებსაც ააშკარავებს. სწორედ ამიტომ, ეს სამიტი გარდამტეხ მომენტად უნდა იქცეს, მან უნდა განამტკიცოს ჩვენი გადაწყვეტილება „მომავლის პაქტის“ განხორციელებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს სამართლიანი, მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი რესურსების, პოლიტიკური ნებისა და თანამშრომლობის მობილიზება. პატივცემულო კოლეგებო, საქართველო სრულად ერთგულია ამ ხედვის.
რეგიონში არსებული გაურკვევლობისა და გარე შოკების მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9.7%-ით გაიზარდა. ჩვენი ეკონომიკა მდგრადია და ხასიათდება დინამიური ზრდით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და მშენებლობა, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური, მდგრადი აღდგენის პროცესს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არის ის, რომ სახელმწიფო რესურსები გრძელვადიანი ეროვნული და რეგიონული პრიორიტეტების შესრულებას ხმარდება: კერძოდ, ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სექტორში – კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად; დაჩქარებულად წარვმართავთ ციფრულ ტრანსფორმაციას დაკავშირებადობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სახელმწიფო სერვისების გასაუმჯობესებლად; ვავითარებთ ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ევროპასა და აზიას შორის კავშირის გასაძლიერებლად. ეს პროექტები არა მხოლოდ გაამყარებს საქართველოს ეკონომიკურ ფუნდამენტს, არამედ ხელს შეუწყობს შუა დერეფნის უფრო მასშტაბურ ტრანსფორმაციას კონკურენტუნარიან, უსაფრთხო და მდგრად მარშრუტად, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვაჭრობის განვითარებას, ისე ენერგორესურსების ტრანსპორტირებას. ჩვენ ვამაყობთ საქართველოს, როგორც ღია ვაჭრობის ჰაბის ფუნქციით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული 16 შეთანხმება საქართველოს უხსნის ევროკავშირის, ჩინეთის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, გაერთიანებული სამეფოსა და დსთ-ის ქვეყნების ბაზრებს, რომლებიც 2.3 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ყველა ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიუხედავად. ჩვენი საპასუხო ქმედება კვლავაც საერთაშორისო სამართალსა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზეა დაფუძნებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.