ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება კონკრეტული პოლიტიკური ძალების პოლიტიკური ინტერესებისთვის, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„სხვათა შორის, ამაზე აშშ-ის ადმინისტრაციაც საუბრობდა ცოტა ხნის წინ. როგორ მოხდა ევროსაბჭოს გამოყენება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იცით, როგორც განვითარდა მოვლენები. ეუთო-შიც იყო ასეთი მცდელობები და მოსკოვის მექანიზმი სწორედ ამის დასტურია. 23-მა ქვეყანამ აამოქმედა მოსკოვის მექანიზმი და წინასწარ დაწერილი დასკვნა სრულიად ფარსი იყო, ეს ექსპერტის ვიზიტი, უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელშიც ჩვენც მივყევით და ყველანაირი შეხვედრა უზრუნველვყავით, რაც კი მათი მხრიდან იყო მოთხოვნილი. თუმცა კარგად ვაცნობიერებდით იმასაც, რომ ამას მინიმალური გავლენა ექნებოდა წინასწარ მომზადებულ ე.წ. ანგარიშზე, რომელსაც წარუდგენდნენ ეუთო-ს. მცდელობაა, კიდევ ერთხელ გამოიყენონ მაქსიმალურად ყველანაირი ინსტრუმენტი, მაგრამ რთულია ახლა, ასე მთლად თვალში ნაცარი შეაყარო ყველას და ისაუბრო საქართველოში ადამიანის უფლებების რაღაც გამოგონილ უმძიმეს მდგომარეობაზე მაშინ, როდესაც მართლა რომ გაიხედავ გარშემო, მართლაც ძალიან ბევრ ადგილას უმძიმესი მდგომარეობაა სწორედ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და არავინ ხმას არ იღებს ამაზე. როდესაც გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობენ, ქვეყანაში არ ვიცი, რამდენი ტელევიზია, რამდენი მედიასაშუალება არსებობს, რამდენნაირი აზრი ტრიალებს მედიაშიც, სოციალურ მედიაშიც და ამ ქვეყანას ეუბნებოდე, თითქოს რაღაცას ზღუდავ, სიტყვას ზღუდავ. ამ დროს, გვერდით გეჯდეს ქვეყანა, სადაც ერთი ტელევიზია მოქმედებს მხოლოდ, იმას კი ეუბნებოდე, შენ ხარ დემოკრატიის შუქურაო. ასეთი სტანდარტებით ძალიან რთულია, მიზნებს მიაღწიო, თუმცა მცდელობები გრძელდება და ამას ჩვენ კარგად ვხედავთ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც უპასუხა შეკითხვას უპასუხა, რამდენად უშვებს იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მომზადებულ დასკვნას მოჰყვეს გაგრძელება და საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდეს ამ დასკვნის საფუძველზე.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ამ მცდელობების მიზანი იყოს ხელისუფლების შეცვლა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ალბათ, ეს არის მიზანი.

„ალბათ ხო, აბა სხვა მიზანი რა შეიძლება, იყოს, რომ დავაზიანოთ საქართველოს ინტერესები. ამ შემთხვევაში ხელისუფლება არის ის, ვინც გამოხატავს ქვეყნის ინტერესებს და ეს არის ალბათ ის, რაც ვიღაც ძალებს არ აწყობთ, ხომ? რაღაც ძალები არსებობს, რომელსაც არ აწყობს საქართველოში ის ხელისუფლება, რომელიც ასე ყოველგვარი კომპრომისის გარეშე იბრძვის ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის დასაცავად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ არ აწყობთ მათ არსებული ხელისუფლება, დგას თუ არა ისევ მეორე ფრონტის გახსნის საკითხი, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გამოწვევა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისთვის.

„ჩვენთვის პირველი მიზანი, რა თქმა უნდა, ეს არის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და რა თქმა უნდა, არ გაჩნდეს რამე საფრთხე სწორედ უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ამ სერიოზული საფრთხის წინაშე ვიდექით. ეს არ არის გამოგონილი, ჩვენ ამას ვუყურებდით ყოველდღიურად, ვხედავდით, რა განცხადებები კეთდებოდა, რა ნაბიჯები იდგებოდა და რა მოქმედებებს ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებაში. ეს ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში. 2022 წლიდან განსაკუთრებით მწვავე ეტაპზე გადავიდა ეს მცდელობები საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენ სხვა ახსნა არ გვაქვს, თუ არა ის ინტერესი, რომ საქართველო ყოფილიყო კიდევ ერთი ადგილი, სადაც შეიძლება, ყოფილიყო ცხელი წერტილი”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, შენარჩუნებულია თუ არა ეს ინტერესი ახლაც, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად.

„არც ახლაა ეს გამქრალი, არც ახლა გვაქვს ჩვენს რეგიონში მშვიდობა და არც ახლა არის ისეთი მდგომარეობა, რომ შეგვიძლია, მშვიდად ვისაუბროთ ურთიერთობების განვითარებაზე. ისევ და ისევ მიდის კონფლიქტი, როგორც უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთშიც ვხედავთ, რა ხდება. შესაბამისად, ყოველთვის არის გარკვეული ძალების ინტერესები და ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ძალიან ფრთხილი პოლიტიკის წარმოება გვევალება დღეს, იმიტომ, რომ სასწორის ერთ მხარეს დგას ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საფრთხეები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.