ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის ჩაშლა ვერ შეფასდება ისე, თითქოს ეს საქართველოს დელეგაციის რომელიმე წევრის გამო მოხდა. ადამიანის უფლებების დიალოგი სწორედ ის ფორმატი იყო, რომელიც ევროკავშირს მისცემდა შესაძლებლობას, გვესაუბრა იმ საკითხებზე, რომლებზეც ხშირად აპელირებენ, მათივე შეფასებით – შემაშფოთებელ საკითხებზე და გვქონოდა დიალოგი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა. 

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დიალოგის შეჩერება საქართველოს მხრიდან არ მომხდარა, ეს გადაწყვეტილება ბრიუსელის მხარეს ეკუთვნის.

„ჩვენ გამოვაცხადეთ სრული მზაობა, რომ დიალოგში მონაწილეობა მიეღო ყველა იმ პირს, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, ვისაც შეეძლო შესაბამის კითხვებზე პასუხის გაცემა ევროკავშირის მხარისთვის. რა თქმა უნდა, საქართველომ კეთილსინდისიერად შეადგინა დელეგაციის სია და წარადგინა, თუმცა ბოლო წუთს ევროკავშირის მხრიდან მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც შეუძლებელი გახადა დიალოგის ჩატარება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო განცხადებაც გავაკეთეთ, დავაფიქსირეთ ძალიან მკვეთრი პოზიცია. სამწუხაროა, რომ ეს მცდელობა ბრიუსელმა გამოიყენა კვლავ ინსტრუმენტად და შემოატრიალა ურთიერთობების არათუ გაუმჯობესებისთვის, არამედ მათი დაზიანებისთვის. ამიტომ, ამ ეტაპზე ცალკეულ დიალოგებზე საუბარი ჩვენთვის არის დამაზიანებელი.

ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დიალოგის ყველა ფორმატი სრულად აღდგება და თანამშრომლობა გაგრძელდება იმ ფორმატებში, რა ფორმატებიც ასოცირების შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, იქნება ეს ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების, დაკავშირებადობის თუ სხვა მიმართულებების კუთხით. ეს ყველაფერი არ არის ჩვენზე დამოკიდებული. გავიმეორებ, დიალოგის შეჩერება საქართველოს მხრიდან არ მომხდარა, ეს გადაწყვეტილება ბრიუსელის მხარეს ეკუთვნის. როგორც კი ბრიუსელი გადაწყვეტს, ჩვენ მაშინვე მზად ვართ, ჩავერთოთ იმ დიალოგში, რა ფორმის დიალოგსაც შემოგვთავაზებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი 2025 წლის 19 ნოემბერს გაავრცელა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.