საქართველო შავი ზღვისპირა ქვეყანაა. შავი ზღვა ჩვენი ისტორიაა და ნამდვილად უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. განსაკუთრებით იმ პერიოდს ავიღებდი, როცა რუმინეთი, ბულგარეთი ევროკავშირში გაწევრიანდნენ, რის შემდეგაც საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისთვის, შავი ზღვა იქცა ევროკავშირთან ერთგვარ დამაკავშირებელ ზღვად. ასე ვხედავთ მას - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, შავი ზღვის გავლით კავშირების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის გავლით კავშირების განვითარება და ასე ვხედავთ ამას საქართველოსთვის. შავი ზღვა არის დამაკავშირებელი ზღვა ევროკავშირთან და ევროპულ ზონასთან. როგორც აღნიშნეთ, შავ ზღვასთან დაკავშირებით უამრავი საკითხია. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ესაა უსაფრთხოება, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის ფედერაციამ და არ დაწყებულა 2008-ში. ეს ჯერ კიდევ გრძელდება. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და ერთ-ერთი მათგანი, შავი ზღვის რეგიონი, აფხაზეთია. მოგვიანებით, ჩვენ ყირიმის ანექსიისა და იმის პირისპირ აღმოვჩნდით, რაც ახლა ხდება უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის რეგიონთან და შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით როცა ვსაუბრობთ, შეუძლებელია ჩვენი თანამშრომლობის ასპექტის უგულებელყოფა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.