ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორ მშვიდობიანად მოახდინა პოლიციამ დღეს ქალაქის პიკეტირების აღკვეთა. ამას აკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ის ელჩები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები, რომლებიც დესტრუქციული განცხადებებით გამოირჩევიან და არ ვიცი როდის აპატიებს ჩვენი მოსახლეობა მათ ამ ქმედებას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას.

„რისკენაც გვიბიძგებენ, ეს კიდევ მეორე საკითხია, მაგრამ მათი უკვე არსებული რეაქციები ცხადყოფს იმას, რომ მათაც ძალიან კარგად იციან თუ როგორ მშვიდობიანად და როგორ სრულფასოვნად ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები, იმ მცირე გადაცდომებით, რომელიც არა თუ ქართული არჩევნებისთვის იყო ადრე დამახასიათებელი, არამედ დამახასიათებელია არჩევნებისთვის მთელ დემოკრატიულ სამყაროში.

უცხოელმა პარტნიორებმაც ძალიან კარგად იციან რეალობა რაც არის და „ბოლო გაფართხალება“, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ რადიკალების მხრიდან, დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება აქტიურად მხარდაჭერილი, გარდა იმ რადიკალური ძალებისა, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, ინდივიდუალურ პერსონებს ვგულისხმობ, რომლებიც საკუთარ ქვეყანაშიც კი გარიყულები არიან უკვე პოლიტიკურად.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირში საღი აზრი საბოლოოდ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ჩვენთან ერთად მოუწევთ მუშაობა. მათ ძალიან კარგად იციან „ქართული ოცნება“ რამდენს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ იმის პარალელურად, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს და საქართველო ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც სათამაშო ბურთი რომელიმე სხვა დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშისთვის. ჩვენ აქ არ გვინდა ის სცენარი, რაც უკრაინაში უკვე დაატრიალეს და ახლა ვხედავთ საერთაშორისო დონეზე რა ხდება. მაქსიმალური ესკალაცია ხდება უკრაინაში მოვლენების.

მოვუწოდებ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს, რომ კარგად დაფიქრდნენ სად მდებარეობს გეოგრაფიულად საქართველო, რა გამოწვევების წინაშე ვართ და რის შენარჩუნებას ცდილობს „ქართული ოცნება“. მე არაერთხელ მითქვამს, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ თავი ისე როგორ უნდა მოატყუებინო ვინმეს, რომ ეს პარტია არ არის ევროინტეგრაციის მომხრე, როდესაც სწორედ მისი დამსახურებაა ყველა სიკეთე, რაც ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს მოპოვებული, კანდიდატის სტატუსის ჩათვლით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.