უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ევროპის საბჭო ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს. გენერალური მდივნის ინიციატივით, მინისტრთა საბჭომ ანგარიში შეიმუშავა. კანონმდებლობამ უცხოური გავლენები უნდა შეამციროს.

ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. ქართულმა მხარემ ორგანიზაციას მოსაზრებები უკვე გაუგზავნა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროსაბჭო ახლა ზუსტად იმავე ნაბიჯებს დგამს, რომელთა გამოც ბრიუსელი საქართველოს ამ დრომდე აკრიტიკებს.

"ყოველთვის ვამბობდით, რომ, ნაცვლად ცარიელი კრიტიკისა, მოდით, დავსხდეთ და რეალურ პრობლემას ვებრძოლოთ. აქამდე ამასაც ვერ მივაღწიეთ, რომ თავად ამის, როგორც პრობლემის აღიარება მომხდარიყო. ამიტომაც იყო ბევრის მხრიდან, ხან რა მიზეზს იგონებდნენ და ხან რას, რომ გაემართლებინათ თავისი კრიტიკა, მაგრამ დღეს უკვე სხვა მდგომარეობაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყინული დაიძრა. ვგულისხმობ იმას, რომ როგორც იქნა, მათ შორის ევროპის საბჭომ აღიარა, რომ ეს არის პრობლემა. ეს არ არის ცარიელი პოლიტიკური პროცესებიდან ნაკარნახევი, ხელოვნურად შექმნილი საკითხი, არამედ რეალური პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროპის საბჭოს ბევრი წევრი სახელმწიფო. სწორედ ამ კონტექსტში მოგვმართა ჩვენც, საქართველოსაც და კონკრეტულად აინტერესებს, ჩვენ რა გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით და რას ვფიქრობთ თითოეული ამ მიმართულებით. იქ არის ბევრი ჩამონათვალი, საბოტაჟიდან დაწყებული არჩევნებში ჩარევით დამთავრებული და ჩვენ, ჩვენი გამოცდილება, ჩვენი კანონმდებლობა, ნაბიჯები და გადაწყვეტილებები შევკარით და მივაწოდეთ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი სწორედ იმით არის ნაკარნახევი, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ. ყოველთვის ამას ვამბობდით, თუ ვინმეს აქვს სურვილი კონკრეტულ პრობლემაზე დავსხდეთ და ვისაუბროთ, ჩვენ მზად ვართ მათ ნებისმიერ ფორმატში ველაპარაკოთ და არა უბრალოდ რაღაც რეზოლუცია გვესროლონ, ლოზუნგი გვესროლონ და ცარიელი სიტყვებით გაგვაკრიტიკონ", - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.