ელენე ხოშტარია ვინმემ კი არ დააკავა, თავი დააჭერინა. კარგად იცოდა, რომ მისი მხრიდან საარჩევნო ბანერების დაზიანება გამიზნული დარღვევა იყო და ამ ქმედებაზე შეგნებულად წავიდა. შეიძლება ისიც უნდა, რომ შემდეგი კვირების არეულობა თავიდან აირიდოს და პენიტენციური დაწესებულების ოთახში იყოს გამოკეტილი, რომ შემდეგ პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიდერლანდების ელჩი სავარაუდოდ ელენე ხოშტარიას შეხვდა ბანერების დაზიანების მეორე დღეს და საზოგადოებას უნდა განუმარტოს, რა იყო ამ შეხვედრის მიზანი.
„ნიდერლანდების ელჩს ელენე ხოშტარიასთან შეხვედრა არ დაუდასტურებია, მაგრამ საინტერესოა, რომ განცხადება გააკეთოს. რა თქმა უნდა, მას აქვს შესაძლებლობა, ვისაც უნდა, შეხვდეს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია დრო. წინა დღეს ელენე ხოშტარიამ დანაშაული ჩაიდინა, როცა საარჩევნო ბანერები და საარჩევნო პროცესი დააზიანა. ამის შემდგომ ნიდერლანდების ელჩი ამ ადამიანს ხვდება და ღმერთმა უწყის, რაზე საუბრობდნენ. მან კარგად იცოდა, რომ ელენე ხოშტარიამ დანაშაული ჩაიდინა და საინტერესოა, საზოგადოებას განუმარტოს, რა იყო ამ სავარაუდო შეხვედრის მიზანი – წახალისება, გვერდში დგომა, მხარდაჭერის დაპირება, თუ რა? გასაგებია, რომ ჰოლანდიაში მთავრობა არ არის, მაგრამ საინტერესოა, რა რეაგირება ექნებოდა ჰოლანდიის ხელისუფლებას, თუ იქ საქართველოს ელჩი რადიკალური დღის წესრიგის წამხალისებელი იქნებოდა. ელჩმა განცხადება გააკეთოს, რა რეაგირება ექნებოდა ჰოლანდიის უსაფრთხოების სამსახურებს, როცა უცხო ქვეყნის ელჩი მსგავს პროცესებშია შემჩნეული. ვიდრე ბრტყელ განცხადებებს გააკეთებენ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. საზოგადოებას აუხსნან, იგივე რომ მათ ქვეყანაში მოხდეს, რა რეაგირება ექნებათ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ელენე ხოშტარია ვინმემ კი არ დააკავა, ფაქტობრივად, თავი დააჭერინა. კარგად იცოდა, რომ მისი მხრიდან ეს გამიზნული დარღვევა იყო და ამ ქმედებაზე შეგნებულად წავიდა. შეიძლება ისიც უნდა, რომ შემდეგი კვირების არეულობა თავიდან აირიდოს და პენიტენციური დაწესებულების ოთახში იყოს გამოკეტილი, რომ შემდეგ პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს. შეიძლება, ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევაც იყოს, არ ვიცი. ასეა თუ ისეა, თავად ჩაიდინა ქმედება და თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ველზე რომელი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან, მათთვის მათი გეგმა პასუხისმგებლობაა. მათ რადიკალური ძალები შეჰყურებენ და ეძებენ ლიდერს, რომელიც ამ პროცესს წარუძღვება. შესაძლოა, ეს პროცესი ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყოს, თუმცა შევხედოთ, რას იზამს – გადაიხდის თუ არა გირაოს. მისი წინარე შეფასებებიდან გამომდინარე, ჩემი მოლოდინია, რომ გირაოს არ გადაიხდის. შეიძლება, ვცდები კიდეც. თუ ვინმეს არ უნდა, გამოსცადოს სახელმწიფოს პასუხი, ნუ ჩაიდენს დანაშაულს. საუკეთესო გამოსავალი არა სახელმწიფოს, არამედ მათ ხელშია – არ ჩაიდინონ დანაშაული და სახელმწიფოც არ იქნება იძულებული, რომ საპასუხო რეაქცია განახორციელოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.