უცხოელების მხრიდან იყო მცდელობა, 28 ნოემბრის განცხადება გამოეყენებინათ მიზეზად, მაგრამ ყველა ხედავს, რეალურად ვინ იყო ინიციატორი და წყარო ამ ურთიერთობების გაყინვის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ერთადერთი მიზანი იყო, რომ გაწევრიანების საკითხი შანტაჟისთვის არ გამოყენებულიყო.
„გასული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით არაერთ მანიპულაციას 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არა არის პირველი შემთხვევა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რეალურად ვინ გაყინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ბევრი თარიღებით მანიპულირებდა, მაგრამ ევროპული საბჭოს ივნისის გადაწყვეტილება პირდაპირ ამბობს, რომ მაშინ ორ კანონზე იყო საუბარი. გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონების გამო, თავად ბრიუსელმა გაყინა ორ მხარეს შორის ურთიერთობები. ამით ყველაფერია ნათქვამი. უცხოელების მხრიდან იყო მცდელობა 28 ნოემბრის განცხადება გამოეყენებინათ მიზეზად, მაგრამ ყველა ხედავს, რეალურად ვინ იყო ინიციატორი და წყარო ამ ურთიერთობების გაყინვის. საქართველო აქ არაფერ შუაში არ არის. 28 ნოემბრის განცხადების ერთადერთი მიზანი იყო, რომ გაწევრიანების საკითხი შანტაჟისთვის გამოყენებული არ ყოფილიყო. თორემ რეალური წყარო, ავტორი, ინიციატორი და პირველი ნაბიჯის გადამდგმელი იყო ევროპული საბჭო. ყველაფერი დანარჩენი არის უკვე დაბრალებას საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ იქნებ ეს პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანონ და თავიანთ თავზე.
ეს პროგრამები თავის თავში მოიცავდა ევროკავშირის საზღვრების და მათივე მოსახლეობის უსაფრთხოებას, დაცულობას და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. ამდენად, ეს პროგრამები ევროკავშირისთვისაც სასარგებლოა. მათი გაჩერებით კი თუ ვინმეს ზიანს აყენებენ, ეს თავიანთი თავია. ჩვენ არ ვაპირებთ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას. თუ ევროკავშირი მზადაა, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალისხმევა გავაერთიანოთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მომავალშიც დავეხმარებით მათ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაშიც და საზღვრების დაცვაშიც“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.







