ყველას ვურჩევთ და მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევას, - განაცხადა ლევან მახაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას. „დღის ქრონიკაში“ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სარჩელთან და განაჩენთან დაკავშირებული კითხვებით, გარე აქტორებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან პარლამენტის დეპუტატებს უნდა მიმართონ. ამასთან, მახაშვილი მოელის, რომ ოპოზიციის მოთხოვნით, გარკვეული განცხადებები გარე აქტორების მხრიდან მაინც გაკეთდება.
„არაერთხელ გვინახავს, როდესაც შიგნით არაფერი აქვთ საპასუხოდ, მით უმეტეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში არაფერი აქვთ სათქმელი, ისევ უცხოურ განცხადებებს იყენებენ საკუთარი უნიათობის გადასაფარად. რა თქმა უნდა, იქნება მოლოდინები, რომ გააკეთებინებენ საკუთარ პატრონებს განცხადებებს, მაგრამ მკაფიოა ერთი რამ - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი, არამედ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, - განაცხადა მახაშვილმა.








