მიუნხენის კონფერენციაზე ყველაზე თვალსაჩინო ბატონი ვენსის გამოსვლა იყო, ყველას მოვუწოდებ, ამას მიაქციონ ყურადღება, როგორი მკაცრი ტონით ელაპარაკა ევროკავშირს და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ახსნა, რომ სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიაში, ევროკავშირი იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს სცილდება, რაზეც დგას და რატომაც შეიქმნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია იმით, რომ რამენაირად საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია მოახდინოს.

„რაც შეეხება დახვედრებს, ეს ჩვენი ხელწერა არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება. ეს რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა. მილიონ 120 ათასი ამომრჩეველი გვყავს და თუ მათ რაიმეს თქმა უნდათ, გახარიასთვის თუ სხვისთვის, არავის უფლება არ აქვს, რომ ამ მოქალაქეს „ტიტუშკა“ ან „დაქირავებული“ დაარქვან. ვიღაცას შეიძლება, კვერცხის სროლის სურვილი გაუჩნდეს და ვიღაცას გახარიასთვის თუ სხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლისთვის სიმართლის სახეში მიხლა, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრით. ეს ადამიანები დაკავებული არიან, რომ რამენაირად საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია მოახდინონ. რა თქმა უნდა, მოქალაქეები უკმაყოფილოები იქნებიან და შესაბამისს პასუხებსაც სცემენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გიორგი გახარიას აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

 „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას და მათ თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს ​მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნებისას „აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს“.