საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია გამარგინალებულია და ხალხის მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ აქვს.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ საპატიმრო დაწესებულების დატოვებას და მის განცხადებებს, ლევან მაჭავარიანის თქმით, საქართველოში 2012 წლიდან პოლიტპატიმარი არ არსებობს.

„რადიკალურ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს. მათ არც გეგმა აქვთ და არც ხედვა, თავიდან ბოლომდე გამარგინალებული არიან. საზოგადოება მათ აღიქვამს, როგორც გარედან დაქირავებულ აგენტებს. მათ არ აქვთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერა. არ აქვთ გეგმა, მაგრამ ნიკა გვარამია ციხიდან ორიგინალური ვარცხნილობით ნამდვილად გამოვიდა. საქართველოში 2012 წლიდან პოლიტპატიმარი არ არსებობს. რაც შეეხება ყოფილ თანამდებობის პირებს, ეს ადამიანები ბრალდებულები არიან კონკრეტულ საქმეებში, როგორც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „„ქოცებს“, რომლებიც ციხეში არიან, განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, რადგან მათაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ“.