ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებებს საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით მომზადებულ ვიდეორგოლზე.

რამდენიმეწამიან კადრებში ჩანს საქართველოს დროშა საპროტესტო აქციებზე, რასაც "ქართული ოცნება" ძალადობრივი პროტესტის წახალისებად აღიქვამს.

აღნიშნული ვიდეო ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, გალაქტიონ ტაბიძის ლექსთან და მილოცვასთან ერთად გამოაქვეყნა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გავრცელებული კადრები, ირიბად, ძალადობას ახალისებს.

"ეს არის ძალადობის წახალისება, ვინაიდან ისეთი კადრები ვიხილეთ, რომ შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისთვისაც და დროშისთვისაც. ეს არის განზრახ ჩასმული კადრები, რათა ირიბად წაახალისონ მოძალადეები, ძალადობა და ძალადობრივი გზით აქციის ჩატარება.

ეს არც არავის გაჰკვირვებია, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირისა და სხვა ევროპული ქვეყნების ელჩები პოზიორობენ ყველაზე რადიკალ აქტივისტებთან", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.