პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წარმომადგენლები საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ.  

"ცოტა ხნის წინ, ბაჩო ახალაიას ინტერვიუც გამოქვეყნდა, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ იმ დანაშაულებს, რომელიც აქვთ ჩადენილი. წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში. ბატონი სააკაშვილი ერთის მხრივ, საუბრობს ვაზაგაშვილზე და ვაზაგაშვილთან ერთად, სხვა ახალგაზრდებიც ისხდნენ იმ მანქანაში, როდესაც დემონსტრაციულად ქუჩაში დაცხრილეს მანქანა. თუ ისინი დამნაშავეები იყვნენ, რატომ არ დაიჭირეს? ვინ მისცა უფლება, რომ ქუჩაში დღისით, მზისით ჩაეცხრილათ ახალგაზრდები? არ საუბრობს იმ ასობით ახალგაზრდაზე, ვინც ასევე ქუჩაში იქნა დახოცილი, არ საუბრობს, თუ რა ხდებოდა ციხეში, როდესაც იქ სისტემური წამება-გაუპატიურება იყო და სტრასბურგის სასამართლომ მიანიჭა მას კვალიფიკაცია, რომ ეს დანაშაული იყო სისტემური და სისტემატური. რა ნამუსით ახსენებს საერთოდ ბატონ მოლაშვილს, ნამუსი ნამდვილად არ გააჩნია მიხეილ სააკაშვილს. ადამიანი როგორი წამების ქვეშ იყო და როგორი ნაწამები გამოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და სწორედ ეს წამება იყო მისი გარდაცვალების მიზეზი," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.