"ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი, "დღის კურიერში" მმართველობის 12 წელს აფასებს.
"12 წლის წინ იყო ძალიან დიდი გამარჯვების დღე, როდესაც დასრულდა საქართველოში სისტემური გაუპატიურება, წამება, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, საძინებელში თვალთვალი და ა.შ. შორს აღა შევალ, ყველას ახსოვს რაც ხდებოდა და როგორი ტოტალიტარული რეჟიმიც იყო.
ხელისუფლებაში მოვიდა "ქართული ოცნება", ჩვენი ფილოსოფია ეფუძნება ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების იდეას. პირველ რიგში ეს შეიცვალა. გვაქვს აბსოლუტური თავისუფლება, ეს არის სიტყვისა და გამოხატვის, მედიის, ბიზნესის თავისუფლება. ვისაც სურს შეუძლია დააფუძნოს პოლიტიკური პარტია, ვისაც სურს შეუძლია დაიწყოს სატელევიზიო ბიზნესი და ა.შ.
ეკონომიკურ ჭრილში, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიუჯეტი არის გასამმაგებული, ფაქტობრივად, გასამმაგდა ჩვენი ეკონომიკა. შეგვიძლია საყოველთაო ჯანდაცვაზე ძალია ბევრი ვისაუბროთ, როგორ არის გაზრდილი სოციალური დახმარებები. უმუშევრობა არის განახევრებული, გამესამედებულია სიღარიბე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ეკონომიკური პრობლემები არ არის - კი, ეს პრობლემები არის და მიუხედავად სიღარიბის ციფრისა, რომელიც გამესამედებულია და მილიონ ასიდან ჩამოსულია, დაახლოებით, 400 ათასზე, ესეც სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა. რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის და ის, რომ 400 ათასის ფარგლებში არის სიღარიბის მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა, ესეც სერიოზული პრობლემაა.
ჩვენ როგორი პოლიტიკაც გვაქვს, პრაგმატული, ცივსისხლიან პრაგმატიზმს დავარქმევდი ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი იქნება იმის გარანტი, რომ მომდევნო წლებში, დაახლოებით, 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოების საკითხი დადგება, ჩვენ ყველაზე მომზადებული ქვეყანა უნდა შევხვდეთ დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის, ეკონომიკის კუთხითაც.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი წლის გასაშუალოებული, ზრდა არის 9,7%,რითაც ევროპაში ვიკავებთ პირველ ადგილს. მომდევნო სამი წელი, რაცა გვაქვს პროგნოზირებული მსოფლიო ბანკს, მათივე პროგნოზით, ევროპაში ვიკავებთ პირველ ადგილს, შესაბამისად ეს ტენდენცია გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ 2030 წელს საერთოდ არ არსებობდეს ღარიბი ადამიანი საქართველოში, მაგრამ ამის მთავარი წინაპირობა არის მშვიდობის შენარჩუნება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.