დაინახეთ, ოპოზიციის მხრიდან რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას, შეუვარდნენ ამერიკის საელჩოს ფეისბუქგვერდზე და ფაშისტური კომენტარები დაუწერეს, რატომ მისცა ამით ლეგიტიმაცია ბოჭორიშვილსო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია საპარლამენტო არჩევნების შედეგით მიიღო და არავის ლეგიტიმაცია არ სჭირდება.

„განსაკუთრებული არაფერია, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს არის მათი სამუშაოს ნაწილი. კარგად დაინახეთ, ოპოზიციის მხრიდან რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, პირდაპირ ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე შევარდნენ, ფაშისტური კომენტარები დაუწერეს ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა, რატომ მისცა ამით ლეგიტიმაცია ბოჭორიშვილსო. ჩვენ არავის ლეგიტიმაცია არ გვჭირდება. არაერთხელ გაგვიცხადებია, ჩვენთვის ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ჩვენი მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ჩვენ ავიღეთ 54%-ი საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენი ლეგიტიმაციისთვის ეს სრულებით საკმარისია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს.