ახლა ელოდებიან კიდევ, უცხოეთიდან რა ინსტრუქცია წამოვა - მიიღონ თუ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა მათი სამწუხარო ხვედრი არის ის, რომ როგორ ინსტრუქციასაც მიიღებენ, ისე უნდა იმოქმედონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ საუბრისას. 

„სავარაუდოდ, ინსტრუქციები იგვიანებს, მაგრამ ისინი რაღაც პროცესებს აპარალელებენ, რომ შემდეგ ძალიან არ დააგვიანდეთ, რეგიონებში უკვე ვიღაცები დაუნიშნავთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხოთ 64-ვე მუნიციპალიტეტში. როგორც კი ეს არჩევნები დასრულდება, უახლოეს მომავალში ჩვენ ვპირდებით ხაზგასმით, მით უმეტეს, ჩვენს ამომრჩეველს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან გაქრობის დაპირება ამ წელსვე შესრულდება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

საჯაროდ არაერთი უარყოფის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის ოპოზიციის ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო - ხაზარაძის „ლელო“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს სხვადასხვა მიზეზით მართავს.