„მოგმართავთ მუხიანის მოსახლეობის სახელით, მოიკვლიოთ რა სიტუაციაა მუხიანი 2-ში, მუდმივად წყლის პრობლემაა და არათუ რეაბილიტაციაა საჭირო, სავარაუდოდ ქსელი მთლიანად არის თავიდან გასაკეთებელი. ძალიან გაწამებულია იქ ხალხი“ . ასე მიმართა მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, სალომე ვარდიაშვილს.
პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ასევე დაინტერესდა საკითხით თუ როდის იგეგმება ქსელის გაუმჯობესება, რათა მოსახლეობას წყალი უწყვეტად მიეწოდებოდეს. „როდის იგეგმება ქსელის გაუმჯობესება რათა მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდებოდეს წყალი? საქართველოში ცოტა უხერხულია წყლის თემაზე საუბარი და სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ეს რესურსი მაინც მიაწოდოს მოსახლეობას ნორმალურად და ნორმალურ ფასად“. ლევან კობერიძის თქმით, როდესაც სახელმწიფოსა და GWP-ს შორის შეთანხმება შედგა, კომპანიას ქსელი სამართავად კონკრეტული ვალდებულებებით გადაეცა. იმ გადასახადში კი, რომელსაც თითოეული მოსახლე იხდის, შედის ქსელის რეაბილიტაციის თანხაც და GWP ნამდვილად არ არის "კეთილი ბიძია", იქიდან გამომდინარე რომ საბოლოო ჯამში ამ თანხას მოსახლეობა იხდის. GWP-მ კი უნდა შეასრულოს შეთანხმება და რეაბილიტაციის გეგმა სრულად უნდა განახორციელოს. ლევან კობერიძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისაგან მოითხოვა, რომ პრობლემური საკითხებისა და ნებისმიერი შეფერხების დროს, ლევან კობერიძის სამაჟორიტარო ბიუროსა და პირადად ლევან კობერიძესთან კონტაქტზე თავად სალომე ვარდიაშვილი იქნება, რისი პირობაც მიიღო.