ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი პოლიტიკური ძალა და სააკაშვილის დახმარება პროდასავლურ ძალებს, ბუნებრივია, სჭირდებათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ სააკაშვილი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით ჩაერთვება 2024 წლის არჩევნებში და იქნება თუ არა პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მისცემს შესაძლებლობას და მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ჯანმრთელობა, ცხადია, მიხეილ სააკაშვილი იქნება ფაქტორი რუსული რეჟიმის დამარცხებაში. სხვანაირად წარმოუდგენელია. უკრაინის მოქალაქეა, ქართულ პოლიტიკაში არ ერეოდა, მიუხედავად ამისა, ყველა მედიასაშუალება იყო თუ საჯარო დისკუსია ყოველდღიურად პრეზიდენტ სააკაშვილს ეხებოდა. ძალიან კარგია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეობა წაართვა რუსულმა პარტიამ, ის იქნება ფაქტორი.
2024 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტი სააკაშვილი რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას, თუ არ მიიღებს და პოლიტიკაში ჩართვა უბრალოდ დახმარება იქნება მისი მხრიდან პროდასავლური პარტიებისთვის, ასევე კონკრეტულ თანამდებობებს გადაწყვეტილებას, თავად მიიღებს ჯანმრთელი სააკაშვილი. მან გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში და ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის პროდასავლურ ველზე. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი პოლიტიკური ძალა და მიშა სააკაშვილის დახმარება პროდასავლურ ძალებს, ბუნებრივია, სჭირდება. ეს ვინმეს მოსწონს, არ მოსწონს, არ ვიცი. მათემატიკა ხომ იციან, ერკვევიან, კვლევებს ხომ კითხულობენ, სჭირდებათ. ჩემთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის მეგობრისთვის, თანამებრძოლისთვის მნიშვნელოვანია, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. კარგად ვერ გრძნობს თავს და ახალ არცერთი დოკუმენტი არ წაგვიკითხავს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დადებითი. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.