ნიკა მელიასთან და ნებისმიერ ადამიანთან მზად ვართ სათანამშრომლოდ, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა და იბრძოლებს - თუ ნიკას აქვს იმის შესაძლებლობა და შესწევს უნარი, რომ პირობითად, რაიმე ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს, ძალიანაც კარგი, ვითანამშრომლებთ მასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანის გვარს და სახელს მნიშვნელობა არ აქვს და მისთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, ვინც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს.
კითხვაზე, უცდია თუ არა პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან ურთიერთობის დალაგება, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ მისი საქმიანობა არაა, ვინმესთან კულუარული შეხვედრები ჰქონდეს.
„არ არის ეს ჩემი საქმიანობა, რომ ვინმესთან რაღაცა კულუარული შეხვედრები მქონდეს. ნიკა მელიასთან და ნებისმიერ ადამიანთან მზად ვართ სათანამშრომლოდ, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა და იბრძოლებს. თუ ნიკას აქვს იმის შესაძლებლობა და შესწევს უნარი, რომ პირობითად, რაიმე ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს, ძალიანაც კარგი, ვითანამშრომლებთ მასთან. მან თავად გადაწყვიტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს მის თავს. ამის იძულება არავის გაუკეთებია. არ ვიცი, ალბათ, მერე საუბარიც შეიძლება სხვადასხვა მაგიდაზეც მოვხვდეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მიუღებელი ადამიანები არ არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას ახალი პარტიის შექმნის რესურსი რომ ჰქონდა, ალბათ, აქამდე გააკეთებდა.
„კონკრეტული ადამიანები თავად იღებენ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებას. ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ ამ თვეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით უნდა დაკავდეს? ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. ოღონდ ის თუ ახალ გუნდს გააკეთებს პირობითად... თუ აქვს ამის რესურსი... რომ ჰქონოდა [რესურსი] ალბათ, აქამდე იზამდა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.