დღეს დუმილი დანაშაულია. ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხას და თან აყოლებს ჩვენი შვილების მომავალს. ვინც ხმას არ იღებთ, აგრძელებთ ივანიშვილის მსახურებას და არა ხალხისას, უნდა გესმოდეთ, რომ აბსოლუტურად იდენტურია თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ღირსეული მოქალაქეების იმედი აქვს, რომლებიც უარს იტყვიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე.
„მას შემდეგ, რაც საქართველო ექცევა იზოლაციაში, ამერიკა აწესებს სანქციებს, ევროპა ღიად ამბობს, რომ საქართველო ასე ვერ მოხვდება ევროკავშირში, როცა ივანიშვილის ხელისუფლება ლეწვა-მტვრევითა და დაკავებებით ინარჩუნებს ხელისუფლებას. ყველა თანამდებობის პირს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ის აღარ ემსახურება საქართველოს და ხალხს. ახლა თანამდებობაზე ყოფნა ნიშნავს, რომ ემსახურები პირადად ივანიშვილს და მისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის თანამონაწილე ხარ. საქართველო განსაცდელშია და დღეს დუმილი დანაშაულია. ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხას და თან აყოლებს ჩვენი შვილების მომავალს. ვინც ხმას არ იღებთ და აგრძელებთ ივანიშვილის მსახურებას და არა ხალხისას, უნდა გესმოდეთ რომ აბსოლუტურად იდენტურია თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. მაქვს იმედი ღირსეული მოქალაქეების, ადამიანების, ვინც უბრალოდ უარს იტყვით ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. ბოროტებაზე გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა – ძალა ერთობაშია“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.