„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დღეს გამოქვეყნებულ IRI-ის კვლევას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ჩამოშლილი, ამის ფონზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არის ორნახევარჯერ გაზრდილი;
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევა და ამ კვლევამ აჩვენა, რომ ნოემბრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტი არის ორნახევარჯერ გაზრდილი, ვგულისხმობ იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნოემბრის თვეში ჰქონდა 6%, ხოლო ახლა აქვს 14%. „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის დაცემული - 25%-დან ჩამოვიდნენ 19%-ზე. ასევე ვნახეთ სხვა პარტიების რეიტინგები. ეს კვლევა აჩვენებს, რომ „რუსული ოცნება“ აღარ არსებობს ფაქტობრივად, როგორც პოლიტიკური ძალა, რომ არა სახელისუფლებო რესურსები და 81% ამბობს, რომ არ ირჩევს „რუსულ ოცნებას“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, ეს ყველაფერი აღმოჩნდა პირიქით, რადგან „ქარტული ოცნების“ რეიტინგი არის დაცემული, „ნაციონალური მოძრაობის“ კი, პირიქით;
„ჩემთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის ასევე მნიშვნელოვანია პარტიის ზრდა, გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდა, სამთავრობო მედია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ ხნის განმავლობაში ისტერიულად მიუთითებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე, პრობლემებზე. მაგრამ ამ კვლევამ აჩვენა, რომ არა თუ დაიშალა, არამედ მისი რეიტინგი მზარდი, მყარი და თუ ვინმე იშლება და თუ ვინმეს აქვს პრობლემა, ეს არის „რუსული ოცნება“.- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
ბოლოს კი მან აღნიშნა, რომ ახლა არის გაერთიანების დრო, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ყველასთან თანამშრომლობისთვის „ქართული ოცნების“ წიანაღმდეგ, რადგან საზოგადოების დაკვეთაა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს;
„ამიტომ, სრულიად ოპოზიციას, საზოგადოებას, ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს მინდა მივმართო, რომ ჩვენ ახლა ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მოთხოვნა და კვლევები აჩვენებს ამას. ჩვენ ერთმანეთს ტალახი კი არ უნდა ვესროლოთ, არამედ გავერთიანდეთ და დავასრულოთ „რუსული ოცნება“, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ვართ მზად და ვითანამშრომლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. გამოვრიცხავ მხოლოდ ერთ რამეს, რომ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ არ გავაკეთებთ რამეს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, IRI - კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“