ადვოკატები ცდილობენ დაცვის ქვეშ მყოფთა გამართლებას და მათი საუბარი არის მორგებული მათი კლიენტის ინტერესებზე, სახელმწიფოს აქვს თავისი პოზიცია, მაგრამ, როგორც ყველგან, სიმართლე სადღაც შუაშია ხოლმე და აქაც ასეა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაკავებულთა შესახებ საუბრისას განაცხადა.
„არის საქმეები, სადაც პრობლემებია, მაგრამ ბევრ საქმეს როდესაც ვეცნობით, ვხედავთ, რომ არის საქმეები, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებები დასაბუთებულია და მტკიცებულებებიც არის შესაბამისი სტანდარტით მოგროვებული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატმა 19 მსჯავრდებულის მოცულობითი საქმე შეისწავლა და ორ ათეულზე მეტი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა სასამართლოში განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რამდენიმე შემთხვევაში.
მისი თქმით, სამ ადამიანზე გამამართლებელი განაჩენი დადგა ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის გამო, სამი მსჯავრდებულის საქმე კი გუშინ გადააგზავნეს სააპელაციო სასამართლოში, ასევე, წარადგინეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, სადაც მიუთითებენ, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის საპროცესო დარღვევებზე, ხოლო დანარჩენ 16 საქმეზე ასეთი ტიპის დარღვევები ვერ ნახეს.
შეკითხვაზე, უნდა გადადგას თუ არა ხელისუფლებამ დაკავებულთა გათავისუფლებისთვის კომპრომისული ნაბიჯი, თუნდაც შიდა პოლიტიკური ვითარების დასტაბილურება-დამშვიდების მიზნით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ სამართლებრივ მექანიზმებზე, როგორიც არის იგივე შეწყალების აქტი და ვადაზე ადრე გათავისუფლება, თავად ბრალდებულები აცხადებენ უარს, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში. მე ზოგადად შემიძლია ვთქვა, მაგალითად, შეწყალებას არ სჭირდება მსჯავრდებულების თანხმობა, პრეზიდენტს ისედაც შეუძლია, ეს შეწყალების აქტი გამოსცეს. ზოგადად, მომხრე ვარ ჰუმანური მიდგომის ასეთ პირობებში და შეწყალების გამოყენების, არა მარტო მათ მიმართ, არამედ უფრო ფართოდ, ზოგადად, პატიმრების მიმართ. არ არიან მხოლოდ ეს პატიმრები საქართველოში, 10 ათასამდე მსჯავრდებული და ბრალდებულია. განსაკუთრებით მსჯავრდებულების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შეწყალების მექანიზმი უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას, როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, პირადად ოთხჯერ იყო შესული მზია ამაღლობელთან და საზოგადოებას ახსოვს, რომ მან შექმნა სპეციალური სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც ჩაერთო ამაღლობელის ჯანმრთელობის კვლევაში.
„არცერთი მსჯავრდებული და არცერთი ბრალდებული, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, არ რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა. ასეთი უბრალოდ, არ არის. ყველასთან ვახერხებთ მისვლას, აბსოლუტურად ყველა საქმეზე ვიწყებთ მოკვლევას და ყველა განცხადებაზე გვაქვს შესაბამისი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება ჯანმრთელობას, ძალიან დეტალურად ვიკვლევთ ყველა პრობლემას და შესაბამისად ვმუშაობთ პენიტენციური დაწესებულების სამსახურებთან, რომ ეს პრობლემები მოკლე ვადაში იქნას აღმოფხვრილი. ასე რომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქალბატონი მზიას ჯანმრთელობა, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველა მსჯავრდებულის ჯანმრთელობა, რომელზე ზრუნვა და მონიტორინგიც სახალხო დამცველს და მის აპარატს ეხება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა








