საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაში.
ლევან იოსელიანის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცესს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რაზეც სახალხო დამცველმა საჯარო პოზიცია დეტალურად მიმდინარე წლის 11 აპრილს გააცნო საზოგადოებას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება, გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.