მე არ შემისწავლია მათი საქმეები და შესაბამისად, ვერ ვისაუბრებ ამ საქმეებზე, მით უმეტეს, პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად მიიჩნევს უსაფუძვლოდ დაკავებულებად პოლიტიკოსებს, რომლებიც არ მივიდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შემდგომ კი არც გირაო არ გადაიხადეს.

„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ამ ადამიანებს ჩემთვის არ მოუმართავთ. განაჩენები არსებობს, ძალაშია შესული, თუმცა მათ არ მოუმართავთ ჩვენთვის, რომ ეს საქმეები შესწავლილი ყოფილიყო. ამიტომ, გამიჭირდება ამ ყველაფერზე საუბარი. რაც შეეხება იმას, დავინახე თუ არა პოლიტიკური მდგენელი, ასეთი რამის თქმა ნიშნავს, რომ პოლიტიკური შეფასება უნდა გავაკეთო ამ პროცესის მიმართ, რაც ვფიქრობ, სახალხო დამცველის მანდატს მნიშვნელოვნად სცდება. მე შემიძლია, ვისაუბრო მხოლოდ საქმის შესწავლის შემთხვევაში საქმეში არსებულ პროცესუალურ დარღვევებზე. ამას როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება, მიეცეს, ეს უკვე პოლიტიკოსების შეფასების საკითხია და არა ჩემი. ჩემი მანდატი გულისხმობს ამ ადამიანების ციხეში არსებული პირობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, რასაც ვაკეთებდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში, მათ შორის, მათ მონახულებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეკითხვაზე, რამდენად არის დაცული პენიტენციურ სამსახურში ლევან ხაბეიშვილის უფლებრივი მდგომარეობა, რომელიც სახალხო დამცველმა რამდენიმე დღის წინ მოინახულა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ხაბეიშვილს არ გამოუთქვამს რამე პრეტენზია პენიტენციური სამსახურის მიმართ პირობებთან დაკავშირებით.

„მისი ოჯახი იყო მოსული ორი დღის წინ ჩემთან, თუმცა მათ სულ სხვა ტიპის მოთხოვნა აქვთ. ისინი ითხოვენ, მის არასრულწლოვან შვილებს მიეცეთ საშუალება მამასთან ურთიერთობის, რომელთაც შეზღუდული აქვთ პროკურატურის მიერ ასეთი შესაძლებლობა. გარდა ამისა, მითხრეს, რომ მოიტანენ საქმის მასალებს სრულად და მთხოვეს, მისი საქმე შევისწავლოთ. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში თუ შესაძლებელი იქნება, ისევ მივმართო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, ამას, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ საქმის შესწავლის შემდეგ, თუ ასეთი წინაპირობებს დავინახავ, ისე, როგორც სხვა შემთხვევებში გავაკეთე. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის, პოლიტიკოსია, თუ რიგითი მოქალაქეა. საქმე თუ თავისი შინაარსით ჩვენი ჩართვის, ინტერვენციის შესაძლებლობას იძლევა და ვხედავთ, რომ სასამართლოს შეგვიძლია, რაღაც მნიშვნელოვან გარემოებაზე მივუთითოთ, ამას ნამდვილად ვიყენებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.