"ბოლო კვირების განმავლობაში ხშირია საუბრები პროდუქტების, საწვავის ფასების ზრდაზე და ა.შ. მაგრამ მე მაინტერესებს რამ განაპირობა ფასების ზრდა მომსახურების სააგენტოს სერვისებზე?" - ამ კითხვით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში იმყოფება და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
„ქვეყანაში ფასების ზრდის სერიოზული პრობლემაა. ამ ბოლო კვირების განმავლობაში ხშირია საუბრები პროდუქტების, საწვავის ფასების ზრდაზე და ა.შ. მაგრამ მე მაინტერესებს რამ განაპირობა ფასების ზრდა მომსახურების სააგენტოს სერვისებზე? მაგალითად: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარი ღირდა და 100 ლარი გახდა. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის აღება 35 ლარი ღირდა და 80 ლარი გახდა. ავტომობილის დაკარგული და დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის აღება 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ხდება. რა მდგენელმა განაპირობა, რომ სერვისის ღირებულება ამ მხრივ გაიზარდა და ეს მოსახლეობისთვის მართლა სერიოზული პრობლემაა იმ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ჩვენს მოსახლეობას უწევს ცხოვრება. თქვენივე სტატისტიკით 2020-2023 წლის განმავლობაში, შსს-ს რიგები 7 322 თანამშრომელმა დატოვა. თუ არის შესწავლილი რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რატომ მიდის ეს ხალხი, სოციალური გაჭირვება, სხვა სამსახური, მაღალი ხელფასების ძიება, საზღვარგარეთ წასვლა... ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თავად სამინისტროსთვის, რომ შეესწავლა ვინც მიდის, რატომ მიდის, რომ პოლიტიკა ამ მხრივ ჩამოყალიბებულიყო. ასევე, მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოქალაქეების გაჭირვებაზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, სოციალურ პრობლემებზე, თუ შეგისწავლიათ რამდენ პოლიციელს, თანამშრომელს აქვს ბანკებში სესხი აღებული. რა პროცენტებით აქვს აღებული, იმიტომ, რომ ამ პროცენტების გადახდა პოლიციელებისა და თანამშრომლებისთვის სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და სერიოზული პრობლემაა. სამინისტროს თუ აქვს ეს საკითხი შესწავლილი ან თუ სწავლობს, იმიტომ, რომ ამ საკითხის შესწავლა და რაღაც წინადადებების მომზადება ამ კუთხითაც შეიძლებოდა, რომ პოლიციელებისთვის გარკვეული შეღავათები ყოფილიყო. სახელმწიფოს შესაბამისი პროგრამები აქვს, როცა შეღავათიანი კრედიტებით გასცემს ხოლმე ცალკეულ პირებზე სესხებს“ განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.