პრეზიდენტი ხანდახან ისეთ განცხადებებს აკეთებს, ჩნდება მოლოდინი რომ სააკაშვილთან მიმართებაში ბოლო-ბოლო გადალახავს ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს პროცესი ჭიანურდება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტი ხანდახან აკეთებს განცხადებებს, თითქოს გარკვეულწილად პოზიტიური მოლოდინები ჩნდება, რომ პრეზიდენტი ბოლო-ბოლო გადალახავს მის ფსიქოლოგიურ ფაქტორებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მიიღებს ობიექტურ, სამართლიან გადაწყვეტილებას, მაგრამ ხანდახან ვხედავთ ხოლმე, რომ ეს პროცესი ჭიანურდება და ჭიანურდება მაშინ, როდესაც ქვეყნისათვის ყველაზე გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი მომენტი დგას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, სამართლიან არჩევნებზე, არც დასავლეთში, არც ჩვენს პარტნიორებში, არც ქვეყნის შიგნით, არავის წარმოუდგენია, რომ სამართლიანი და კონკურენტული იქნება არჩევნები, როდესაც მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი არის ციხეში გამოკეტილი“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.