პრეზიდენტმა მიიღო პასუხისმგებლობიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და გაათავისუფლა პოლიტპატიმარი გვარამია. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი იქნება საქართველოსთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
„პრეზიდენტმა იხელმძღვანელა კონსტიტუციით, სახელმწიფოს და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტზე თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს ამ პროცესში ექნება საზოგადოების, პოლიტიკოსების მხარდაჭერა, თუ ის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს.
პრეზიდენტისგან მოვითხოვთ, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. პრეზიდენტმა გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა. პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთ-ერთი ბრალდების საფუძველი სწორედ კონსტიტუციური, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გახდა. ამიტომ ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, თუ პრეზიდენტი სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს სრულიად სხვა რეალობაში გაიღვიძა სახელმწიფომ და დარწმუნებული ვარ, სხვა ახალი გამარჯვებები, ახალი საეტაპო გადაწყვეტილება იქნება სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.