ეს გამარჯვება არ არის საზეიმო, ეს გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება - ვაპირებთ, პარტიის გაერთიანება დავიწყოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში განაცხადა.
„ვფიქრობთ, რომ ეს შედეგი სამართლიანი იყო. ამ შედეგების პროგნოზირებას ვახდენდით იმ კვლევების საფუძველზე, რომელიც ყველა არჩევნების დროს ტარდება.
ჩემთვის, ეს გამარჯვება არ არის საზეიმო. ეს გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლის და პარტიის წინაშე. არ ვაპირებთ ზეიმს. ვაპირებთ, ხვალიდან პარტიის გაერთიანება დავიწყოთ, მათ შორის, ყველა კანდიდატთან და მის საარჩევნო შტაბთან. ერთობლივად უნდა დავსახოთ სტრატეგია, რომელიც პარტიას კრიზისიდან გამოიყვანს და პარტიის ყველა წევრს საბრძოლველად განაწყობს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.