სოციალური მიმართულებით დაახლოებით 540 მლნ ლარით გაიზრდება ბიუჯეტი, რაც მოხმარდება საპენსიო უზრუნველყოფას და სხვადასხვა სახის სოციალურ განაცემებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.

მისივე განმარტებით, 2 მილიარდ 100 მილიონი ლარია გამოყოფილი ჯანდაცვის მიმართულებით, რაც 2025 წლის მოცულობას 175 მლნ ლარით აღემატება.

„გაფართოვდება ჯანდაცვის პროგრამები. ბუნებრივია, აღნიშნული თანხებით სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილმა განმარტა ისიც, რომ საჯარო მოხელეების ხელფასების მოწესრიგების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, მომავალ წელს საჯარო მოხელეებს ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ.

„მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოხელეების ხელფასების მოწესრიგების მიმართულებით, რომელიც უკვე საკანონმდებლო დონეზეა ასახული და ბოლო 4 წელია ხელფასები 10%-ით იზრდება, მომდევნო წელსაც საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ხელფასები გაეზრდებათ 10%-ით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.