საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში ხმაურიანი განცხადება გააკეთა. სააკაშვილის თქმით, 2003 წელს ამერიკის მაშინდელი ელჩი რიჩარდ მაილსი გაყალბებული არჩევნების აღიარებას სთხოვდა.
რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ამ საკითხზე „აიპრესი“ „თავისუფალი საქართველოს“ლიდერს კახა კუკავას ესაუბრა, რომელიც მაშინ სააკაშვილის თანამებრძოლი იყო „კონსერვატიული პარტიიდან“. აღნიშნული პარტია კი „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბლოკში იყო.
კუკავა აცხადებს, რომ ამაზე მინიშნებები იყო, თუმცა გაყალბებული არჩევნების აღიარება არავის მოუთხოვია.
„მიხეილ სააკაშვილმა გუშინ რა განცხადებაც გააკეთა შემიძლია დავადასტურო. საჯაროა ეს თემები, შეგიძლიათ ამოიღოთ არქივი. შეგიძლიათ ნახოთ მაშინდელი განცხადებები, რომელიც გაკეთდა 3-4 ნოემბერს და რომელიც გაკეთდა მოგვიანებით.
ასე პირდაპირ გაყალბებული არჩევნების აღიარებას ამერიკის ელჩი რა თქმა უნდა არ ითხოვდა. ახლაც იგივე სიტუაციაა. ახლაც არ ითხოვენ ამას. დეტალურად გავეცანი ამ არჩევნების დასკვნებს და მინდა გითხრათ,რომ საკმაოდ კრიტიკულია. ყველა არჩევნებზე ქვეყდნება ორი ანგარიში, ერთი ეს არის წინასწარი რომელიც არჩევნების მეორე ან მესამე დღეს ქვეყნდება და მეორეა საბოლოო რომელიც 1 თვის შემდეგ ქვეყნდება.
პირველი ყოველთვის არის მერყევი. ამბობენ, რომ იყო დარღვევები, მაგრამ უფრო მეტს ერიდებიან. საბოლოო დასკვნა კი იმის მიხედვით იწერება რა პროცესებიც განვითარდება. ამ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია შეეგუა. ჩვენ და „ლეიბორისტებს“ გვქონდა კატეგორიული განცხადებები, თორემ სხვა პარტიები შეეგუენ. არასოდეს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აიტყვის, რომ აი გაგიყალბდათ არჩევნები და გამოდით ქუჩაშიო“, - აცხადებს კუკავა.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი იმასაც აცხადებს, რომ აშშ-ის მაშინდელი ელჩი ჟვანიას პარტიის მიმართ უფრო იყო სიმპატიებით განწყობილი. კუკავა დასძენს,რომ სააკაშვილს მეორე ადგილს არავინ სთავაზობდა და ამ ნაწილში სააკაშვილმა მოიტყუა.
„ისიც რეალობაა, რომ მაილსი ჟვანიას პარტიის მიმართ უფრო იყო სიმპატიით განწყობილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაკლებად სერიოზულად აღიქვამდნენ.
რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ გაყალბებული არჩევნების გაყალბებას, ეს სიმართლე არაა. იცით თქვენ სააკაშვილის მეტყველების სტილი და ჰიპერბოლიზაცია უყვარს ხოლმე. ასე, რომ გაყალბებული არჩევნები აღიარეთო ეს რა თქმა უნდა არ უთქვამს.
იყო მოლაპარაკებები და ამაზე სააკაშვილიც თანახმა იყო. გუშინ მან თქვა, რომ მეორე ადგილს გვთავაზობდნენ და არ დავთანხმდითო. სააკაშვილი მეორე ადგილს იხვეწებოდა. მაგრამ მას მესამე ადგილს სთავაზობდნენ. ამ ნაწილში სააკაშვილმა მოიტყუა. შევარდნაძემ არ მისცა მეორე ადგილი, ეუბნებოდა ნანა დევდარიანს (ცესკოს მაშინდელი თავმჯდომარე) დაელაპარაკეთო. ამაზე დეტალურად ვალერი ხაბურძანია დაგელაპარაკებათ, რომელიც მაშინ სააკაშვილსა და შევარდნაძეს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებას ცდილობდა. მეორე ადგილი რომ მიეცა შევარდნაძეს არანაირი რევოლუცია არ მოხდებოდა, მაგრამ შევარდნაძემაც შექმნილი ვითარების არაადეკვატურად იმოქმედა და მიიღო რევოლუცია.