ვერ ვხედავ პარტიის ფუნქციას დღეს პარლამენტში, რას აკეთებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ბევრად ეფექტური იქნებოდა ბრძოლისთვის და სამომავლოდაც, რომ დაეტოვებინა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია „მთავარს“ განუცხადა.

მისი თქმით, პარტია რომ არ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ამას სჭირდება პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„დიდი ხანია, ჩემი მოსაზრება და დამოკიდებულება ამ საკითხზე ცნობილია. პირველივე დღიდან მომხრე ვიყავი, ზოგადად, არც შევსულიყავით, მომხრე უკვე შესვლის მერე – გამოსვლის. დავასახელე კიდევაც, არის რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ამ თემას აქტიურად იხილავენ შიგნით პარტიაში, მაგრამ კონსენსუსი ვერასდროს იქნა მიღწეული. იქნებ, ახლა მაინც იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ, რომ პარტიამ პარლამენტი დატოვოს. ვერ ვხედავ პარტიის ფუნქციას დღეს პარლამენტში, რას აკეთებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ბევრად ეფექტური იქნებოდა ბრძოლისთვის და სამომავლოდაც, რომ დაეტოვებინა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტი. ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.