ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსს და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორს, მასტერ სერჟანტ დევიდ სკოტ ტემპლტონს უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. კობა კობალაძემ სტუმრებს სამსახურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის ჩამოყალიბების ისტორია, განვითარების ეტაპები, სტრატეგიული გეგმები და მიმდინარე ამოცანები. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. სამსახურის დირექტორმა, სტუმრებს, ასევე, გააცნო ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ვეტერანთა ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენებისთვის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე.
კობა კობალაძემ, ასევე, მიმოიხილა სამსახურის მიერ განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დელეგაციამ, არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო გასული წლის ვიზიტი, რომელიც აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მაშინდელი მდივნის თანაშემწის, ჯეიმს როდრიგესის ოფიციალური მიწვევით შედგა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს გომბორში მიმდინარე მოხალისეთა მომზადების პროგრამაც, რომელსაც ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები — ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს. სამსახურის დირექტორმა სტუმრებს გააცნო პროგრამის შექმნის ისტორია, ორ წელიწადში განხორციელებული სასწავლო კურსები და მიღწეული შედეგები.
კობა კობალაძემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებულ მჭიდრო და მრავალწლიან თანამშრომლობას. მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ვეტერანთა წინაშე, ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მადლიერება იმ ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური (ODC) წლების განმავლობაში გამოხატავს საქართველოს ვეტერანების მიმართ. მან ისაუბრა ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის ODC-ის მიერ გადაცემულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი მოდელის სამედიცინო აპარატურაზე, რომელთა საერთო ღირებულება ორ მილიონ ლარს აჭარბებს. ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ჰოსპიტლისთვის გადაცემული კომპიუტერული ტომოგრაფი, ექოსკოპიის აპარატი, ენდოსკოპიური და გულზე დატვირთვის სისტემები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიაგნოსტიკის ხარისხს.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს კობა კობალაძეს გულთბილი მიღებისთვის და აღნიშნეს, რომ ამერიკული მხარე მზად არის, გააღრმავოს თანამშრომლობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და გააგრძელოს საქართველოს ვეტერანთა მხარდაჭერა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები — ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, რომელიც 14 წლის განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, მათ შორის კოსოვოსა და ერაყში.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.









