„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიის კითხვებს უპასუხა. კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „უცხოეთიდან ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი პირისთვის საქართველოში გადმორიცხული თანხა ითვლება გრანტად და ამისთვის ნებართვა უნდა აიღონ მთავრობისგან?“

„აქ არის საუბარი, როდესაც ეს უცხოური დაფინანსება მოდის სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციიდან და შემდეგ დაიდენტიფიცირდება ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შემდგომ შეიძლება მოხმარებული იყოს იმ დესტრუქციისთვის, რის მცდელობებსაც ქვეყანაში ვხედავთ. რატომ დადგა ამის საჭიროება: ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები მათი პატრონების მხრიდან, რომ ეძებენ ისინი ყველანაირ გზას, რომ როგორმე ამ ქვეყანაში შემოვიდეს შავი ფული. ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. ფაქტობრივად გადატრიალების ქრონიკას გვიანონსებენ ბოლო წლებია ჩვენი უცხოელი „მეგობრები“. ამის უფლებას ჩვენ არავის მივცემთ“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ამასთან, ირაკლი კირცხალიას თქმით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში არ განიხილება და საზოგადოებას ჩვეულ რეჟიმში შეუძლია ადევნოს თვალი როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო მოსმენებს.