ვთვლიდი, რომ ამ პარტიის მენეჯმენტს არასწორი კურსი ჰქონდა აღებული, სწორედ ამიტომ დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“ და ვფიქრობ, მივიღე ძალიან სწორი გადაწყვეტილება, პარტია, რომ მძიმე მდგომარეობაშია, ამას თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადასტურებენ ჩემთან პირად საუბრებში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა და განმარტა, რომ პარტიის ასეთ მდგომარეობაში და ასეთ ბრძოლაში შესვლა არ არის ეფექტური.
"რაც შეეხება ნიკა მელიას დაგეგმილ შეკრებას, ვერ გეტყვით მისი პოზიცია როგორი იქნება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია პარტიაში, ვისაც რეალურად აწუხებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაცაა, მაგალითად პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის არჩევნები, ის, რომ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იყო გამოყენებული ძალიან არასწორად. მე ბოლო პერიოდის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერი მსმენია. ვეკითხები ხოლმე პარტიის წარმომადგენლებს პირად საუბარში როგორ არის ადამიანი, იქიდან სხვა ინფორმაცია არ გამოდის. რაც შეეხება იმას, მე ვიქნები თუ არა მელიას შეხვედრაზე, მოსაწვევი არ მიმიღია, ყოველ შემთხვევაში, არც ნიკასთან არ მქონია საუბარი. ნიკასთან და ძალიან ბევრ ადამიანთან ჩემი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო. ვერ გეტყვით, რა იქნება 7 ოქტომბერს მთავარი გეგმა. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ მქონია ნიკასთან ან პარტიის წევრებთან. თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა სწორედ იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც პარტიაშია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.