გეგმებთან დაკავშირებით წინასწარი განცხადებები პროცესისთვის დამაზიანებელია, ოპოზიცია როცა ჩამოყალიბდება, მაშინ უნდა გამოცხადდეს მთავარი გეგმა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, მხარს უჭერს კონსოლიდაციას.
„გეგმებთან დაკავშირებით ნებისმიერი წინასწარი განცხადებები დამაზიანებელია ოპოზიციისთვის. მხარს ვუჭერ კონსოლიდაციას. ოპოზიცია როცა ჩამოყალიბდება და რეალურად იქნება გათვალისწინებული ახალგაზრდების მთავარი იდეა, როგორ გადავარჩინოთ ქვეყანა რუსიფიკაციას, მაშინ უნდა გამოცხადდეს მთავარი გეგმის შესახებ. მანამდე ნებისმიერი განცხადება – ის იქ იქნება, ეს – აქ, მე ეს არ მინდა, მე ის არ მინდა – ნებისმიერ შემთხვევაში აზიანებს მთელ პროცესს, რომელიც არის დღეს რუსთაველზე და იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია საქართველოს გადარჩენა რუსიფიკაციისგან.
ვფიქრობ, პრეზიდენტის როლი არ არის უკანასკნელი. პრეზიდენტს გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური როლი აქვს, მათ შორის ლეგიტიმური როლი აქვს შესასრულებელი სწორედ ამ კონსოლიდაციის მიმართულებით. ვერ გეტყვით, ერთი სია, ორი სია, არ ვიცი. ამაზე გეგმა უნდა არსებობდეს და იყოს ახალგაზრდებთან კოორდინაციაში. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი საუბარი აზიანებს პროცესს. ყველას ვთხოვ, იყოს ფრთხილად. პროცესი თუ დაზიანდა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას რაიმე სახით ხელი თუ შეუშალა ნებისმიერმა ასეთმა წინასწარმა საუბარმა, ეს სერიოზულად დამაზიანებელი იქნება, ყველა პოლიტიკურ გუნდს დააზიანებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კითხვაზე, ვინ აზიანებს ოპოზიციას ხაზარაძე თუ ისინი, ვინც ერთიან სიაზე საუბრობენ, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა: „ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. ახლა რომ ვთქვა, მეც დავაზიანებ“.