წავიკითხე საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალას“ მიერ გავრცელებული განცხადება. უმორჩილესად გთხოვთ ყველა ჩემ მეგობარს, წაიკითხეთ! როდესაც რაიმე ფორმით გამოხატულ უსამართლობას ვაწყდები ვბრაზობ, საომრად ვემზადები, ვცხარდები... ამ განცხადებაში მოყვანილმა უსამართლობის ფაქტებმა, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხყოფისა და ინსტიტუციონალური ჩამონგრევის მცდელობამ, რომელიც სასამართლო რეფორმის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ პარლამენტში შეტანილ, კოლონიზატორული სულისკვეთებით შექმნილ „ინსტრუქციაშია“ ჩამოყალიბებული, ცრემლებამდე მიმიყვანა. ეს რა უბედურებაა?! სადამდე მივიდა ჩვენი „პარტნიორი“ ქვეყნის საელჩო?! ასე როგორ დეგრადირდა და „დეგნანირდა“?! - ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია Facebook-ზე წერს.
„და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს! ერთია, როდესაც ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები, სოციალურად აქტიური მოქალაქეები, რიგითი მებრძოლები და პატრიოტები რაიმეს ვამბობთ, ვწერთ, ვცხარდებით, ვდაობთ... და სრულიად სხვაა, როდესაც ამას აკეთებენ უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან ჩვენ მიერ არჩეული, ჩვენი ნდობით აღჭურვილი, განსაკუთრებული პოლიტიკური მანდატის მატარებელი პოლიტიკოსები! სრულიად სხვა სტატუსისა და დატვირთვის მატარებელია მათი ეს განცხადებები... და პასუხისმგებლობაც ბევრად მეტია! ჰო, პასუხისმგებლობა და.... რისკი! გადახედეთ ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უახლეს ისტორიას და ჩემსავით გაგიჭირდებათ ყელში გაჩრილი ცრემლიანი ბურთის გადაყლაპვა... ჩემი სოლიდარობა, მხარდაჭერა, ნდობა და სრული მზაობა თანადგომისთვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის მებრძოლ დეპუტატებს! სიმართლე ხალხს და სამართალი დამოუკიდებელ, მიუმხრობელ სასამართლო ხელისუფლებას! თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლება საქართველოს! თავისუფლება, რომელიც სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების ჯოგს წყარო ანკარა! რამოდენიმე ამონარიდი დღევანდელი განცხადებიდან: „საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული"; „საელჩოს შეუძლია თქვას, რომ კანონმდებლობის ესა თუ ის ნორმა უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი ნორმები როგორ უნდა შეიცვალოს, ამის თქმის უფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის პირობებში, საელჩო საკუთარ თავს არ უნდა აძლევდეს“; „საელჩო საქართველოს პარლამენტისგან ხუთი კონსტიტუციური ნორმის შეცვლას ითხოვს. ამასთან, საუბარია ნორმებზე, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული. ესეც არის სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინება“; „სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა ნიშნავს სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას. სწორედ ამ მიზეზების გამო, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობას განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგი არა აქვს. ასეთ პირობებში, რატომ იძლევა საელჩო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობის შემოღების ინსტრუქციას, ვფიქრობთ, არცთუ რთული გამოსაცნობია“; „საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა“; „სასამართლო ხელისუფლებას თუ მიითვისებენ, სახელმწიფო სამუდამო და გამოუსწორებელ პრობლემას მიიღებს. სახელმწიფო, სადაც სასამართლო ხელისუფლებას სხვა აკონტროლებს, ნულოვანი სუვერენიტეტით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მთელი ჩვენი ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ იქნება მიმართული“; „როგორც ჩანს, ჩვენს მიერ საელჩოსთვის ნიღბის ჩამოხსნამ და სიმართლის თქმამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ქვეყანამ -შესაბამისი რისკები აიცილოს თავიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში. რისკის ქვეშაა საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს დამოუკიდებლობა! რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს უმნიშვნელოვანესი მისია - მართალი სიტყვის თქმა! მაგრამ... ხომ გაგიგიათ, მგლის შიშით ფარა არავის გაუწყვეტიაო!​ ამიტომაც, საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ - წერს ხათუნა ხოფერია.   „ხალხის ძალა”: გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლობისტის პირით გაახმოვანეს