"ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"ზელენსკის მიერ შექმნილი სანქციების ჯგუფის კოორდინატორს, მაიკლ მაკფოლს ინტერვიუში ათქმევინეს, საქართველო, რომელიც 2008 წელს მოწინავე ქვეყანა იყო, ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინას ჩამორჩაო.
ლოგიკურად უნდა დავსვათ კითხვა, რით უსწრებს უკრაინა საქართველოს დღეს, რითაც საქართველო უკრაინას 2008 წელს უსწრებდა. იმედი გვაქვს, მაკფოლი ადამიანების წამება-გაუპატიურებას, ელიტურ კორუფციას, ბიზნესის რეკეტს და ტელევიზიების მიტაცებას არ გულისხმობდა, რითაც სააკაშვილის რეჟიმი იუშჩენკოს ხელისუფლებას ნამდვილად დიდი უპირატესობით უსწრებდა და რითაც ახლა ზელენსკის ხელისუფლებამ ლამის სააკაშვილის რეჟიმიც უკან ჩამოიტოვა. რჩება ერთადერთი კრიტერიუმი, რომელსაც მაკფოლი 2008 წელს საქართველოს მოწინავეობაში შეიძლება გულისხმობდეს.
2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიცილა ომი და იომა, ახლა კი ამას ზელენსკის ხელისუფლება აკეთებს. ანუ პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ ნატოზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგველაპარაკებიან, თუ ვიომებთ. ისიც დაგველაპარაკებიან, თორემ ნატოში ახლად ნაომარ ქვეყანას რომ არავინ მიიღებს, ამას 2008 წლის ქართული გამოცდილებაც მოწმობს. ღმერთმა ქნას, უკრაინამ აღიდგინოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა, ჩვენი მეგობარი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა აშკარად უმძიმესია.
დაღუპულია ათეულობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ასეულობით ბავშვი, მოსახლეობის მეოთხედი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, უკრაინის ეკონომიკა 30 პროცენტით შემცირდა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, რუსეთს დღეს ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა, ქვეყანაში ყვავის კორუფცია, მიმდინარეობს მედიისა და ბიზნესის მიტაცება და მონოპოლიზაცია. რომც დავუშვათ, რომ 2-3 წელიწადში უკრაინას ნატოში მიიღებენ, საკითხავია, ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება თუ არა ნატოს წევრობა იყოს რაიმე ხელშესახები მორალური თუ პრაქტიკული ნუგეშის მომტანი უკრაინელი ხალხისთვის. მაკფოლის მინიშნება კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ძირ-ფესვიან გამოძიებას საჭიროებს. რადგან ომთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები დასრულებულია და საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ორივე სასამართლოში ეფექტიანად დაიცვა, ახლა უკვე გვაქვს სრული შესაძლებლობა, დაწვრილებით გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც ნაცმოძრაობა და სალომე ზურაბიშვილი უკვე შეთანხმებულები არიან - რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო.
ამის მიღმა, ისიც გასარკვევია, თუ რატომ აკურთხეს 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი „ცივილიზებული სამყაროს ლიდერად“ უცხოელმა მფარველებმა ზუსტად ისევე, როგორც ეს 2022 წელს ზელენსკის მიმართ გაიმეორეს. გასარკვევია, ხომ არ შეასრულა მაშინ სააკაშვილმა იმ ადამიანების დაკვეთა, რომელთაგანაც მან ეს „მაღალი“ ტიტული დაიმსახურა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაული არჩევნების შემდეგ სრულფასოვნად გამოვიძიოთ და დამნაშევეებმა კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.