დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესუსტდა. ნაკლებად აქტიურობდნენ როგორც ოდიოზური დასავლელი პოლიტიკოსები, ისე მედიასაშუალებები. თუმცა, როგორც მოსალოდნელიც იყო, სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითი და მოკლევადიანი აღმოჩნდა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„გასული კვირის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა IRI-ის გაყალბებული კვლევები და სენატორ შაჰინისა და USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუელის აგრესიული განცხადებები. როგორც კვლევის გაყალბება, ისე ამერიკელ მაღალჩინოსანთა გამონათქვამები „მზარდი ავტოკრატიისა“ და „2024 წლის არჩევნებზე ამერიკელების კრიტიკული როლის“ შესახებ ერთადერთ რამეზე მიგვანიშნებს - ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია არ ცნონ და საარჩევნო მარცხის მიუხედავად, ქართველ ხალხს ნაცმოძრაობის აგენტოკრატია თავს მოახვიონ.
მაღალჩინოსნებმა ძალზე კარგად იციან, რომ საქართველოს 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით, დემოკრატიის სფეროში ფუნდამენტური წინსვლა აქვს. სენატორ შაჰინს გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ მისი ფავორიტი რეჟიმის დამარცხება დასჭირდა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ საქართველოში ავტოკრატია, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ადამიანების წამება და გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, სასამართლოს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების ტოტალური პოლიტიზება და უამრავი სხვა სისტემური დანაშაული დაესრულებინა.
ჯინ შაჰინი ქართულ დემოკრატიაზე გულწრფელად რომ ზრუნავდეს, მას საქართველოს ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ექნებოდა. თუმცა, არის რაღაც, რაც მას ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის.
სამწუხაროდ, ჯინ შაჰინი, სამანტა პაუელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა ცეკას სტანდარტებით განიხილავენ და აფასებენ. მათთვის მოსაწონი მხოლოდ ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც „უფროსი ძმის“ ყველა დავალებას თვალდახუჭული ასრულებს. როდესაც „უფროსი ძმა“ საქართველოსგან ერთადერთ რამეს, უკრაინის ბედის გაზიარებას ითხოვს და ამ დავალებას ქვეყნის ხელისუფლება ჯიუტად არ ასრულებს, ბუნებრივია, ასეთ პირობებში, მისი კეთილგანწყობის მოპოვება შეუძლებელია.
სენატორ შაჰინს გვინდა მოვუწოდოთ, საბჭოთა ცეკას მიდგომები გვერდზე გადადოს და საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ აღიაროს. მას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრიტიკული როლი არა ამერიკამ, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა შეასრულოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება. 2024 წლის შემდეგაც, საქართველოს ბედს არა უსამშობლო ნაციონალების აგენტოკრატია, არამედ დემოკრატიულად არჩეული და პატრიოტული ხელისუფლება წარმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.