არასოდეს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეზე საქართველოში, წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა იყო იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო სასამართლო სისტემა, გაუმჯობესებულიყო გამჭვირვალობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ- ის ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ელჩს კითხვა დაუსვეს: „დღეს მოვისმინეთ ბრალდებები საელჩოს და თქვენი მისამართითაც, მათ შორის, მოსამართლე მურუსიძისგან, მანამდე არსებობდა ანალოგიური ბრალდებები მოსამართლე ჩხიკვაძის, ეს იყო გვარამიას საქმის მოსამართლე, როდესაც ის ამბობდა, რომ საელჩოს თანამშრომელმა მას პირდაპირ მოსთხოვა ანგარიში და ამის შემდგომ გაუქმდა მისი ვიზიტი. ამ თემაზე იყო არაერთი გამოხმაურება, ჩაერია თუ არა საელჩო მოსამართლის დამოუკიდებლობაში, კონკრეტული დეპუტატებიც კი გისვამდნენ კითხვას, ადასტურებთ თუ უარყოფთ ამ ფაქტს?“
მისი თქმით, არაერთ მოსამართლეს შეხვედრია, რომლებიც არიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი და მათ სურთ, იშრომონ თავისი საზოგადოებისთვის და აღასრულონ სამართალი.
„როგორც ვთქვი, დიდი პროგრესია მიღწეული, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ძალიან ბევრ მოსამართლესთან. მე იურისტი ვარ და ყოველთვის ძალიან მაინტერესებს მათი საქმიანობის შესახებ და ამერიკის დახმარება არის თუ არა მათთვის ეფექტური, ყოველთვის ვეკითხები ხოლმე ამას, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს. მე ასევე ძალიან მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც არიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი და მათ სურთ, იშრომონ თავისი საზოგადოებისთვის და აღასრულონ სამართალი. მათ უნდათ იმუშაონ ჩარევის, დაშინების გარეშე და სწორედ ამას ითხოვენ ისინი, სწორედ ამას უჭერს მხარს აშშ თავის პროგრამებით, ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა, როდესაც ქართველი და ამერიკელი მოსამართლეები ცვლიან მოსაზრებებს. წლების მანძილზე ძალიან ეფექტურია ეს პროგრამა და ეხმარება საქართველოს სასამართლოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.