ბევრ რომ ლაპარაკობენ ხოლმე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროს ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, იქნებ რუსების სპეცსამსახურებმა მაშინ გადაიბირეს?! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„საინფორმაციო მანიპულაციის ტექნიკებს როცა იყენებ, ხარისხიანად მაინც უნდა გააკეთო, რომ დამაჯერებელი გახადო შენი ვერსია. ამათი გამოგონილი კი არ არის, საინფორმაციო მანიპულაციის ტექნიკები უსაფრთხოების სამსახურებში გამოიყენებოდა 1920-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირი იყენებდა „კაგებე-ს“ შექმნამდე.
ფარცხალაძის საქმე, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვერია და ისინი ხვდებიან, რომ ეს აისბერგის წვერია. ფარცხალაძის საქმე არ არის მხოლოდ და მხოლოდ უბრალო რიგითი ჯაშუშის საქმე, ფარცხალაძე ფიგურალურად არის დაკავშირებული პირდაპირ ბატონ ივანიშვილთან. ხოლო ბატონი ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც თითქმის 99%-ით აკონტროლებს ქართულ ხელისუფლებას, მეტით თუ არა“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
კახა ქემოკლიძის თქმით, ფარცხალაძის საქმე გარკვეულ კითხვებს ბადებს, მათ შორის ჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდა მისი რუსების სპეცსამსახურების მიერ წინა ხელისუფლების დროს გადაბირება.
„ძირითადი კითხვები ამ ძალიან საინტერესო საქმეში იცით რა არის? პირველი, როდის მოხდა გადაბირება? გადაბირებული იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს? ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროს ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, იქნებ, მაშინ გადაიბირეს, ბევრ რომ ლაპარაკობენ ხოლმე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. მეორე, ვისი წარდგინებით მოხდა მისი დანიშვნა ასეთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პოზიციაზე, რომელიც ძალოვან ბლოკში ერთ-ერთი ყველაზე საკვანძოა. რა იყო მისი კავშირების წრე? რა იყო მისი საინფორმაციო დაფარვის ველი? რა ტიპის ზეგავლენას ახორციელებდა პოლიტიკურ პროცესებზე? ვისთან ჰქონდა კავშირი და ბიზნესურთიერთობები?“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.