ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაქტორი კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა სამომავლოდ, იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირას“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად კონტრაქტორ კომპანიებს ვადები რამდენჯერმე გადაუწიეს, რათა ამით კომპანიებისთვის ხელი შეეწყოთ. თუმცა, ამასთან მერმა აღნიშნა, რომ „ის დამოკიდებულება, რაც ბოლო კვირების განმავლობაში იყო, მიუღებელია“.
„გულწრფელად ვამბობ, მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს შევალიე. ისე დავამთავრე სპორტული მოღვაწეობა, ვარჯიშზე ერთხელ არ დამიგვიანია, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა.
ეს დამოკიდებულება უნდა იყოს ყველაფერში: სამუშაოების შესრულების დროს, როდესაც ამხელა ქალაქს ემსახურები. ამ ფაქტის შემდეგ, რაც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა სამომავლოდ, იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება“, - აღნიშნა კალაძემ.