„დღეს შემიძლია, თამამად დაგპირდეთ, რომ არ დაგზარდებით, არ დავიღლებით და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, რათა ოთხი წლის შემდეგ, ქალაქს, ჩვენს შვილებს და თუნდაც ჩვენს ოპონენტებს დავუტოვოთ ბევრად უფრო მოწესრიგებული გარემო, რადგან ეს ქალაქი ყველასია და არ წარმოადგენს ვინმეს პოლიტიკურ საკუთრებას." - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარდგენისას განაცხადა. 

 "ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად მოუაროს და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს ქალაქში, ეს სწორედ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების თითოეულ თანამშრომელს.


„უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც უვლიან გამწვანებულ ტერიტორიებს და ყოველდღიურად ალამაზებენ მათ.  მადლობა რაიონული გამგეობების თანამშრომლებს, ყველას, ვისაც თუნდაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქალაქის გამწვანებაში.  

რაც მთავარია, მადლობას ვუხდი თბილისელებს, რომლებიც კარგად ხედავენ იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც ქალაქს  თვალნათლივ დაეტყო და თავიანთი მხარდაჭერით გვაძლევენ სტიმულს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი.  უამრავი ადამიანი შემხვედრია, ვინც ქვეყნიდან იყო გასული - ყველა საუბრობს და ხაზს უსვამს, თუ როგორი გამწვანებულია დედაქალაქი და რამდენად მოვლილია იგი. მჯერა, 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. გამარჯვება და წარმატებები ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.