თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

„ისინი ამტკიცებენ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს და მოუწოდებენ მათ, არ ჩამოვიდნენ ჩვენთან. სპეციალური ყალბი ექაუნთები, ბოტები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ სიცრუეს. წერენ, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს მარტო ტოვებენ ტყეში, სპეციალურად უფუჭებენ, მაგალითად, რესტორნებში შეკვეთილ საჭმელს და ეს ტყუილის მხოლოდ ნაწილია. შემდეგ ამ ყალბ ინფორმაციას, სამწუხაროდ, რეგულარულად აქვეყნებენ მსხვილი უცხოური ინტერნეტსაიტები რამდენიმე მილიონიანი აუდიტორიით, ხოლო შემდეგ მას აქტიურად ავრცელებენ ბლოგერები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ამ სიცრუის ავტორები აკონტროლებენ. თუ არ ვცდები, 2-3 დღის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობის ფაქტზე. ეს კამპანია ორგანიზებულია საზღვარგარეთიდან და მხარდაჭერილია ქვეყნის შიგნით, რათა ზიანი მიადგეს ჩვენს ეკონომიკასა და სახელმწიფოს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს სახელმწიფო საწარმოების ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების საქმიანობის შეფერხებისთვის, მთლიანობაში საქართველოსთვის ზიანის მიყენების მიზნით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

„მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს. ჩვენ, უბრალოდ, არ შეგვიძლია ცუდად მოვეპყროთ მათ, ვინც ჩვენთან დასასვენებლად ჩამოდის. ნებისმიერი ადამიანი, აი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთხელ ყოფილა საქართველოში, დამეთანხმება. მთელ მსოფლიოში იციან, რომ ქართველები სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხია. ჩვენ დიდი სითბოთი, სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებთ თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენთან კეთილი განზრახვით მოდის. სწორედ ამიტომ თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს. მინდა გითხრათ: ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით. გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები. ასე რომ, ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩამოდით!“ - დასძინა მან.