საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პაატა ბურჭულაძის „4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაციის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„არ ვიცი, რა გიპასუხოთ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში, ეს არის ჩემი პასუხია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც მიტინგის ფორმა მისაღებია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ვინმე თუ გაბედავს და გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს, ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი უწყებების მხრიდან კანონის ფარგლებში რეაგირება მოჰყვება. ყველა ქმედებას მოჰყვება რეაგირება, ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, იქნება სიმშვიდე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პასუხი არის ის, რომ ხალხი მივიდა არჩევნებზე, გამოხატა მხარდაჭერა, თანადგომა „ქართული ოცნების“ მიმართ, ეს არის პასუხი ქართველი ხალხის  მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას „4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია“ წაიკითხა.