"რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ასეთი, რომელიც ყველანაირად შეეცდება მსგავსი სპეკულაციებით იხელმძღვანელოს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.
დედაქალაქის მერი ასევე გამოეხმაურა პოლიტიკურ პროცესებში სკოლის მოსწავლეების ჩართვას და განაცხადა, რომ ეს მოუღებელია.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი, რომელიც შენიღბულია ლიბერალიზმით, სინამდვილეში ფაშიზმია.
„წარმოუდგენელია სკოლის მოსწავლეები გამოყენება. როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, შენიღბული აქვთ ვითომ ლიბერალიზმით. რა ლიბერალიზმი, ეს არის პირდაპირი ბოროტება, ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რასაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა: "შევიტყვე სამწუხარო ამბავი, რომ მშობლიურ რაჭაში, სადაც ჩემი დანიელი მეგობრების ფონდი ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებდა - რუსული კანონის მიღების გამო, ერთი პროექტი შეჩერდა.
კლინიკის პროექტის შეჩერებაზე ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ფონდი „ფეა თრიიზის“ განცხადებას, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერების შესახებ.
გარდა იმისა, რომ განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. შესაბამისად, კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი ტყუილი და იაფფასიანი სპეკულაციაა. ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. სამწუხაროა, როდესაც ცალკეული სუბიექტები, პოლიტიკური ამბიციების გამო, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების მიზანმიმართული ხელშეშლითა და საბოტაჟით ცდილობენ, ხელოვნურად გამოიწვიონ მოქალაქეების უკმაყოფილება და პოლიტიკური ქულები დაიწერონ. გადაწყვეტილება დაუკავშირონ პარლამენტის მიერ კანონის მიღებას უკიდურესად სპეკულაციურია, რადგან მსგავსი პროგრამების დაფინანსება და მათი გასაჯაროება მხოლოდ წაახალისებს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს.
სახელმწიფო ყოველთვის ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებზე. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება.” - აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.