თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება, აქცია-მანიფესტაცია კი რუსთაველის გამზირზე დილის საათებშია დაგეგმილი.

ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ საახალწლო განწყობის შექმნას განსაკუთრებით პატარები ელოდებიან.

„არაერთი განმარტება გავაკეთეთ ახალ წელთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი პატარები განსაკუთრებით ელოდებიან. მნიშვნელოვანია, დედაქალაქის მერიამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შექმნას შესაბამისი განწყობა. ხვალ დილით დაგეგმილია ოპოზიციის მხრიდან შეკრება-მანიფესტაცია, რაც შეეხება ნაძვის ხის ანთებას, ამას დილით არავინ გეგმავს. ღონისძიება დავაანონსეთ 19:00 საათზე და მოვუწოდეთ ყველას, მობრძანდნენ შვილებით, შვილიშვილებით, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელს“, თბილისის მერის თქმით, მისი გახსნის შესახებ ზუსტ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

„საახალწლო სოფელი“ ცოტა მოგვიანებით გაიხსნება. ხვალ განათდება დედაქალაქი, აინთება მთავარი ნაძვის ხე, „საახალწლო სოფელთან“ დაკავშირებით კი ინფორმაციას საზოგადოებას ცოტა მოგვიანებით მივაწვდით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.